6-04-2025
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.
თურქმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხალხის ნება უზენაესია, ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს, რომლებიც სამომავლო განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და თურქეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხალხთაშორისი მეგობრობა აკავშირებთ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე. შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი თავმჯდომარეების დონეზე.
ნუმან ქურთულმუშმა შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიიწვია.
მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის უკრაინის ომის დასრულების სამშვიდობო ინიციატივები, რომელიც უკავშირდება აშშ-ის ახალ პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეები საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.