7-04-2025
ევროკომისიის სკანდალური აღიარება - იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ევროპული ფონდების თანხების არამიზნობრივ და გაუმჭვირვალე ხარჯვასთან დაკავშირებით წლებია ამბობს, თავად ევროკომისიამ დაადასტურა. ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს განაგებს სკანდალში ეხვევა.
სკანდალურ აღიარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე Visegrád 24 წერს, რომელსაც თავის მხრივ წყაროდ ავსტრიულ გამოცემა eXXpress-ს იყენებს.
კერძოდ, აღიარების თანახმად, ევროკავშირის სახსრები, რომლებიც "კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია თანხებზე LIFE პროგრამიდან, რომლითაც გარემოსდაცვითი ინიციატივები უნდა დაფინანსებულიყო - პროგრამა 2014 წლიდან 9 მილიარდ ევროს მოიცავს. ავსტრიული გაზეთის "eXXpress"-ის ცნობით, წინასწარ განსაზღვრული პროგრამების ნაცვლად, თანხები კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ხმებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისია მოკლე განცხადებას ავრცელებს და ლობირებას აღიარებს.
„კომისია ადგენს, რომ აქტივისტი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები (...) შეიცავდა არასათანადო ლობირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შიდა დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილი იყო თუ რომელი კრიტიკოსები იქნებოდნენ სამიზნე.
გამოცემა წერს, რომ ევროკავშირის კლიმატის ყოფილმა კომისარმა ფრანს ტიმერმანსმა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან საიდუმლო კონტრაქტები შექმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს კონტრაქტები მოიცავდა ლობირების დეტალურ გეგმებს, სადაც მითითებულია მიზნები და სამიზნეები. ეს ნიშნავს, რომ ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო ის სამიზნე, რომელიც ევროკომისიის კლიმატური დღის წესრიგს პოლიტიკურად ეწინააღმდეგებოდა.
ასევე განუსაზღვრა, თუ ვისთან უნდა ემართათ კოორდინირებული კამპანია კლიმატური დღის წესრიგის ოპონენტების წინააღმდეგ.
LIFE პროგრამის სახსრები, ყოველწლიურად დაახლოებით 15.5 მილიონი ევრო ეგზავნებოდა NGO-ებს — რომელიც ამ კოორდინაციის განსახორციელებლად გამოიყენებოდა.
როგორც ჩანს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ბევრი NGO-ის დაფინანსებას თან ახლდა პირობები: NGO -ებს უნდა დაემთხვიათ თავიანთი კამპანიები კომისიის პოლიტიკურ მიზნებთან, მათ შორის ოპონენტების „ნეიტრალიზება“ იმ გზით, რომ ეწარმოებინათ ჩრდილოვანი ლობირება, შეექმნათ საზოგადოებრივი აზრის შემობრუნების კამპანიები და ზეწოლა მოეხდინათ გადაწყვეტილებების მიმღებებზე „მწვანე შეთანხმების“ კრიტიკოსების წინააღმდეგ.
გამოცემა Visegrád 24 არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებითაც წერს.
„არასამთავრობო ორგანიზაციების და NGO-ების მხოლოდ მესამედი, რომლებმაც LIFE პროგრამისგან თანხები მიიღეს, ღიად აცხადებს თავიანთი შემოსავლის შესახებ, ასევე როგორ იყენებენ თანხებს, რამაც გამოიწვია კრიტიკა გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით", - წერს X-ზე Visegrád 24.
სტატიაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულმა ფაქტმა „ევროპის სახალხო პარტიის“ აღშფოთებაც გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ეს ნაცმოძრაობის პარტნიორი პარტიაა, რომელიც "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით "ქართული ოცნებას" კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა.
„ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც აშკარა შეცდომას ევროკავშირის ცალკეული ოფიციალური პირების და ორგანიზაციების მხრიდან", - განუცხადა გამოცემა eXXpress-ს EPP ჯგუფის გარემოსდაცვითი პოლიტიკის სპიკერმა პიტერ ლიზემ და დასძინა, რომ "ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენება უნდა შეწყდეს".
საქართველოში ენჯეოების არამიზნობრივი დაფინანსების არაერთი მაგალითია. მაშინ, როდესაც ევროკავშირი საქართველოს დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს, ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაციის EED-ის მეშვეობით ექსტრემიზმის წახალისებაში იხარჯება.შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნულმა ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიაც გირაოც.
გარდა ამისა, საქართველოში ევროპიდან შემოსული თანხები ოპოზიციურად განწყობილი ენჯეოების მხრიდან აქტიურად გამოიყენებოდა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ „დემოკრატიის ფესტივალი" თავისი აქტივობებით, რომელიც საარჩევნო პროცესში უცხოურ ჩარევად პირდაპირ შეფასდა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) იყო, ხოლო დამფინანსებელი დანიური მხარე გახლდათ.