8-04-2025
„ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა, ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, რომ ხელი არ აგიკანკალდეთ, ესროლეთ, რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და 162 ბიჭი დახვრიტეს ასე ქუჩაში უდანაშაულოდ სწორედ იმიტომ, რომ ყოფილიყო შიში, შიშით ემართათ ქვეყანა“- ამის შესახებ ია მეტრეველმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მთავარ თემად ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობა განიხილება.
ია მეტრეველი იხსენებს მისი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დეტალებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით დიდი დანაშაული მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ საპატრულოს უფროსს მიქაძეს, რომლის აზრითაც, „სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“.
„ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და სწორედ ასე გააგრძელა, ამ შიშით დაიწყეს ქვეყნის მართვა. როგორც კი გადაურეკეს ზემდგომებს და ერთ-ერთი მთავარი იყო ადეიშვილი, ოქრუაშვილი, იქიდან მიიღეს ბრძანება, რომ „ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი, პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს“, ეს იყო მათი ნაბრძანები. ამის მერე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში და ვაკის პოლიციიდან იქ მოზიდეს უამრავი იარაღი. მთელი სისტემა ამუშავდა და დაგვიპირისპირდა (ამ ბავშვებს).
მიიტანეს უამრავი იარაღი. ერთ-ერთ იარაღს ეწერა გია, რომელიც ამოიცნო პატრონმა, რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ჰქონდა და მისი იყო ეს იარაღი. მოკლედ, მთელი არსენალი იყო, რომელიც ამ ბავშვებს დაულაგეს, ბუტას დაუდეს ავტომატი. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად, ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით, განსაკუთრებით, მიქაძეს [ქალაქის საპატრულოს უფროსი], რომელმაც უთხრა, ასეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო, რომ ვითომ ბუტამ ავტომატიდან ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა პატრულის მიერ გასროლა“- განაცხადა ია მეტრეველმა.