16-11-2018
საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის, პროფესორ ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, დღეს საქართველო ძალიან დიდი და სერიოზული გამოცდის წინაშე დგას.
ეს განცხადება ირაკლი ბათიაშვილმა ბათუმში, ადგილობრივ საზოგადოებასთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.
„ჩვენს წინაშე არის ალტერნატივა, ან დაბრუნდება ბნელი წარსული, ან ჩვენი ქვეყანა განვითარების პერსპექტივას შეინარჩუნებს.
ამ არჩევნებმა ჩვენი ქვეყნის ბედის გამნსაზღვრელი ხასიათი შეიძინა. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს და როგორი უკმაყოფილოა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ გაჭირვების გამო... ეს ბუნებრივი რეაქციაა ჩვენი ხალხისა, მაგრამ მოდით იმ დემაგოგებს ნუ მოვუსმენთ და იმ სიცრუის მანქანას ნუ მოვუსმენთ, რასაც „რუსთავი 2“ ჰქვია და რა სიცრუეც ყოველდღე მოედინება იქიდან. ეს სიცრუე მიზნად ჩვენი მოქალაქეების ტვინების გამორეცხვას ისახავს, სიძულვილის მუხტის დათესვას ისახავს და საითკენ მიდის ეს ყველაფერი, ხომ თავისთავად ცხადია.
ამ დემაგოგიას ჩვენ ყოველდრე ვისმენთ, რომ „კი, მაგრამ ისინი საქმეს მაინც აკეთებდნენ“... ავიღოთ მაგალითად ბათუმი, ამბობენ, რომ ბათუმი სააკაშვილმა აღაშენა და ესენი რას აკეთებენო... ჯერ ერთი, სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება გაკეთებული საქმეების ჩამონათვალს იწყებს. მაგრამ თუკი ჩამონათვალზეა საუბარი, ამ ჩამონათვალის გაკეთება ამ ხელისუფლებას გაცილებით მეტი შეუძლია.
თუ ყველაფერს დეტალურად შევხედავთ, გამოდის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გაცილებით უფრო მეტი გააკეთა თუნდაც ბათუმში. როგორც გითხარით, ასეთი ჩამონათვალის გაკეთება სამარცხვინოა, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის არ რცხვენია და რაც სამწუხაროა, გარკვეულ კატეგორიაზე ეს პიარი ჭრის და ისინი ილუზიაში ვარდებიან“-განაცხადა ბათიაშვილმა.