9-04-2025
ოპოზიცია არის სავალალო მდგომარეობაში და მათი ყოველდღიური განცხადებები, მათი ქმედებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ უტყუარ ფაქტს, რომ როგორც რეიტინგულად, როგორც ნდობის, ისე პოტენციურად, რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, თავიანთ ხელმოცარულობას ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა, თითოეულ მათგანს მიუძღვის წვლილი, პირველ რიგში კი, მათი ამ მდგომარეობაში ყოფნა გამოიწვია იმან, რომ უცხო ძალების დავალებებს ასრულებენ და აგენტურას წარმოადგენენ.
„ისინი ერთმანეთს აბრალებენ ხელმოცარულობას, რომელიც აბსოლუტურად ყველა მათგანის დამსახურებაა, პირველ რიგში იმ ბრძანებების და განკარგულებების შესრულების ჭრილში, რომელსაც ისინი იღებდნენ და დღესაც იღებენ ქვეყნის ფარგლებს გარედან, ასრულებენ რა ჩვეულებრივად აგენტურის ფუნქციას საქართველოში. ამიტომ, სინი იმოქმედებენ ზუსტად ისე, როგორ დავალებასაც მისცემენ „დიფ სთეითის“ კონკრეტული წყაროები“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ოპოზიცია ურეიტინგო და პოლიტიკური პერსპექტივის არმქონეა.
„მათი მხრიდან არჩევნებზე უარის თქმა იქნება კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ პოლიტიკურ სარბიელზე მათი შიშები არის ძალიან აშკარა, რადგან, მკაფიოდ და ცალსახად, კვლავაც გამოჩნდება, თუ როგორი უსუსური, ყოველგვარი პოლიტიკური პერსპექტივის არმქონე და რეიტინგულად განულებული რადიკალური ოპოზიცია ჰყავს ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.