9-04-2025
9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, 9 აპრილი შეგვახსენებს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, პატივს მივაგებთ მათ გმირობას. 9 აპრილი ერთის მხრივ, ეს არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთან, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს მოუტანა გაერთიანება და დამოუკიდებლობა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს", - განაცხადა პრემიერმა.