11-12-2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხის ახსნა ყველაზე მეტად შვილებისთვის უჭირს, რადგან ისინი სხვა პრინციპებსა და ღირებულებებზე არიან აღზრდილნი.
„ელჩებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მეგობრებს, კოლეგებს, ნაცნობ ხალხს, ყველას, ასე თუ ისე, ვესაუბრები იმაზე, თუ რატომ დააკავეს მიშა უკრაინაში, მაგრამ ვისაც ვერანაერად ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა, არის ჩვენი ორი ვაჟიშვილი. ისინი სულ სხვა პრინციპებსა და ღირებულებებზე არიან გაზრდილები და ასეთი უაზრობის და უსამართლობის წინაშე უჭირთ გაგება და შეგუება...”- დაწერა სანდრა რულოვსმა.
სანდრა რულოვსი იმ სასამართლო პროცესს ესწრება, რომელიც ამ წუთებში კიევში იწყება და რომელზეც მიხეილ სააკაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. რულოვსის თქმით, სასამართლოს დარბაზში სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია.
„არ შემიშვეს, მითხრეს რომ არ შეიძლება მიიღოს სტუმრები. მარტო წერილი გადავეცი, მეტი არაფერი არ შეიძლებოდა.
ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ ცოტა გავლენა მოვახდინოთ. შიგნით იმდენი პოლიცია და სამხედროა, რომ ვერ მოძრაობენ. ისევ ეშინიათ, რომ რამე არ მოხდეს, გაქცევის ამბავში. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ხალხის რაოდენობით,“- გაანცხადა სანდრა რულოვსმა.
წყარო: newposts