9-04-2025
აშშ-ის ახალი ტარიფები ძლიერ დარტყმად იქცა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით ჩინეთისთვის, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ თავისი ვალუტა გაუფასურებისგან იხსნას. ჩინეთის ცენტრალური ბანკი მოუწოდებს მსხვილ სახელმწიფო ბანკებს, შეწყვიტოს ამერიკული დოლარის შესყიდვა და იუანის ყიდვა დაიწყოს, რათა ვალუტის ვარდნის ტემპი შენელდეს. ინფორმაციას Reuter-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო ბანკების მხრიდან დოლარის აქტიური გაყიდვა და იუანის შესყიდვა დაფიქსირდა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ექსპორტზე დაწესებული გადასახადების დარტყმის შესამცირებლად იუანის დევალვაციას არ აპირებს.
„ერთ-ერთი პოლიტიკური მრჩევლის განცხადებით, მკვეთრი გაუფასურება არ მოხდება, რადგან ამან შეიძლება ბაზრის მიმართ ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს, თუმცა ზომიერი გაუფასურება ექსპორტს დაეხმარება. მისი თქმით, ჩინეთი დაეხმარება საკვანძო საწარმოებს სუბსიდიებით, საგადასახადო შეღავათებით და ბაზრის დივერსიფიკაციით“, - ნათქვამია სტატიაში.
ამ თვეში ჩინური იუანი 1,3%-ით გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 7,35-ს მიაღწია.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა. ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.