9-04-2025
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებისთვის ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და არავითარ შემთხვევაში გარედან შემოსული დაფინანსებიდან, რადგან სწორედ „უწყინარ ტრენინგებზე ხდებოდა ადამიანების გადამზადება იმ ცეცხლოვანი პროცესებისთვის, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით“.
„ყველა საკანონმდებლო ინიციატივა მომდინარეობს იმ პრაქტიკიდან და იმ რეალობიდან, რომელსაც ვხედავთ. ამ შემთხვევაში ყველა ნათლად ვხედავთ, რომ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ექსტრემისტული ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით იღებდნენ დაფინანსებას. არ ვგულისხმობ მარტო იმას, რომ საქართველოს ჯარის ნაქურდალი ფულით და ნაცების რეჟიმის დროს წართმეული და ბიზნესის დატერორების შედეგად მოპოვებული ფინანსებით სულდგმულობდნენ აქამდე. ამავდროულად ალბათ ყველა ხედავთ, რომ მათი დაფინანსება სწორედაც რომ დონორული ორგანიზაციებიდან მოდიოდა. ძალიან ლამაზად შეფუთული იყო ეს ყველაფერი, სემინარები, ტრენინგები, რომელიც ამ რადიკალურ პარტიებს უტარდებოდათ და გარკვეულ ბენეფიტებს იღებდნენ ისინი ამ პროცესებიდან.
თავისთავად ეს არის პარტიების დაფინანსებაში უხეში ჩარევა და ჩვენ ვიცით, რომ პარტიები უნდა ფინანსდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და არავითარ შემთხვევაში გარედან შემოსული დაფინანსებიდან. გარკვეულწილად ეს იყო ხარვეზი კანონში, რომელსაც ძალიან კარგად იყენებდნენ და მათ შორის, ასეთი სემინარები და ტრენინგები კარგად ვიცით რით სრულდებოდა - ეს არის პარლამენტის შტურმით აღება, რევოლუციური სცენარების დამუშავება და სწორედ ამ ე.წ. და უწყინარ ტრენინგებზე ხდებოდა ადამიანების გადამზადება იმ ცეცხლოვანი პროცესებისთვის, რომელსაც ჩვენ ვუყურებდით.
ამიტომ, კანონში ცვლილება პირდაპირ ეხმაურება იმ პრობლემას, რაც დავინახეთ და ეხმაურება იმ სტანდარტს, რომლითაც პოლიტიკური პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ გარედან. ამიტომ, თუ ვინმეს, ტრენინგის ან სემინარის ჩატარება სურს, პარტიას უნდა გააჩნდეს ამის რესურსები, ან ყოველ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს საკმარისი რეიტინგი, რომ შემომწირველებმა ამ ტრენინგებზე იზრუნონ და ეს არ იყოს უცხოეთის დასაფინანსებელი,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.