10-04-2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აზიის განვითარების ბანკის დირექტორთან, მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში - ლესლი ბეარმან ლაჰმთან მორიგი შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის „კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა“ ფარგლებში ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის მიმდინარეობის საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხები განიხილეს.
„აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო კოორდინაციით, მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტის წარმატებული განხორციელება. ჩვენ გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია. მეტი ოპერატიულობისთვის სამუშაო პროცესები შესაბამის ჯგუფებში აქტიურად გაგრძელდება და კონკრეტულ ვადებში, ერთად მოვისმენთ მიღწეული შედეგების ანგარიშს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ლესლი ბეარმან ლაჰმის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი მზადაა პროექტის სრული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები, პროექტის დირექტორი და პროექტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.