10-04-2025
ქართული მერძევეობის ისტორიაში 2006 წლიდან არსებობს ჩვენი ასოციაცია და, ფაქტობრივად, ყველა გადამმუშავებელი, ყველის მწარმოებელი და ფერმერი არის გაწევრიანებული. წლებია ინტენსიურად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, - განაცხადა რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახაბერ კონიაშვილმა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მომხმარებელი უნდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა ქართული პროდუქტი, ყველა რძის პროდუქტი უმკაცრეს კონტროლს გადის ფერმიდან სუფრამდე - სურსათის სააგენტოს მხრიდან, კომპანიების მხრიდან, რომლებსაც უმაღლესი სტანდარტები აქვთ დანერგილი და ევროპული სტანდარტით აწარმოებენ პროდუქტს. პროდუქცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი და უვნებელი. სურსათის ეროვნული სააგენტო არის იმის სადარაჯოზე, რომ პროდუქტი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი მიირთმევს არის უვნებელი. ყველას გთხოვთ, რომ მხარი დაუჭირეთ ქართულ წარმოებას, მიირთვან ქართული რძის პროდუქტები. ყველა პროდუქტი არის უვნებელი და გაკონტროლებული“, - აღნიშნა კახაბერ კონიაშვილმა.
შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა.