17-11-2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ ეწვია და საწარმოო პროცესს გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ 64 მეპაიეს აერთიანებს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა ჯამში 500 ფურზე მეტს შეადგენს.
კოოპერატივი ჩართულია „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს საშუალება აქვთ საკუთარ საწარმოში აწარმოონ რძის პროდუქტები, შემოსავალი კი უკვე რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიიღონ.
„კოოპერატივი „ხიზა“ წარმატებული მაგალითია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი მსგავსი ტიპის ფერმერული გაერთიანება გვჭირდება. ისინი ჩვენ დაგვეხმარება, გავზარდოთ სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობა. ამიტომ მოვუწოდებ ფერმერებს, გაერთიანდნენ კოოპერატივებში. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გზა ჩვენი სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კოოპერაციული საწარმოს დათვალიერების შემდეგ, რომელიც განთავსებულია 300 კვადრატული მეტრი ფართობის სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამის შენობაში.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს. საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 3 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი (HACCP). საწარმო „ხიზამ“ სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით ასევე მიიღო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.