11-04-2025
კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ევროპელი კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს საქართველოში და ეს, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში.
„რეალურად, ყველამ იცის, რომ ეს კონკრეტული უმსგავსობა დაფინანსებული იყო უცხოელი დონორების მიერ. კონკრეტული დონორები ჰყავდა იმ ქმედებებს, რომლებიც განხორციელდა NGO-ების წარმომადგენლების მხრიდან 9 აპრილს. ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და გაუჭირდებათ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისედაც დისკრედიტირებული არიან შესაბამისი დონორები ქართული საზოგადოების თვალში და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ განიცადონ კიდევ უფრო მეტი დისკრედიტაცია, თუმცა ჩვენ მათ მაგივრად ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს და შევახსენებთ იმას, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ფინანსდებოდა კონკრეტული დონორების მიერ, რომლებიც ძალიან შორს არიან იმ ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ვიცნობდით ევროპული ღირებულებების სახით. სწორედ ევროპელი კონკრეტული ბიუროკრატები, ჩინოვნიკები უპირისპირდებიან ევროპულ ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში და ეს, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად აისახება ევროპული სტრუქტურების იმიჯზე ქართულ საზოგადოებაში. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამ მიმართულებით ვითარება შეიცვლება.
არ შეიძლება, როდესაც აფინანსებ კონკრეტულ ქმედებას, მერე იმალებოდე. თუ აფინანსებ, გამოდი კიდეც და აღიარე, რომ შენი დაფინანსებულია ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები, უცხოელები, დონორები იმალებიან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული მათი დაფინანსების ანტისახელმწიფოებრივი ბუნება. ისინი შეგნებულად აფინანსებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, აქციებს ჩვენს ქვეყანაში, რასაც უნდა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან სათანადო შეფასება", - განაცხადა პრემიერმა.