15-04-2025
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, აფრიკის კონტინენტზე უდიდეს ტექნოლოგიურ ღონისძიებაში - GITEX მონაწილეობს, რომელიც მარაქეშში, 14-16 აპრილს იმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში თემაზე - „მთავრობის როლი ტექნოლოგიური მომავლის განვითარებაში“.
ავთანდილ კასრაძემ დამსწრე საზოგადოებას ქართული ინოვაციების ეკოსისტემის წარმატებები გაუზიარა და, ამასთან ერთად, ქართული სტარტაპების აფრიკის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობები განიხილა; მოლაპარაკებები გაიმართა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოების სხვადასხვა ინოვაციების სააგენტოებთან სამომავლო ორმხრივ თანამშრომლობაზე.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, GITEX-ს, ყოველწლიურად, მსოფლიოს 130 ქვეყნიდან 45,000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, რაც უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას წარმოადგენს ქართული სტარტაპებისა და ინოვაციების ეკოსისტემის საერთაშორისო ბაზარზე წარმოსაჩენად.
კონფერენციაზე წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები და სამთავრობო ორგანიზაციები, რაც ქართულ მხარეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები, მოიზიდოს ინვესტიციები, გააცნოს საერთაშორისო თანამეგობრობას ქართული ინოვაციური პროდუქტები და გადაწყვეტილებები.