გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: მელიას ვერ აკავებ, რომელმაც სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, ამ დროს სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე გამოჩნდება და სადღაა სახელმწიფო - ეს იყო სცენარი

17-04-2025

პარტიის ოფისში გახარიამ გვითხრა, რომ მასთან ელჩები იყვნენ მისული და არ შეიძლებოდა მელიას დაკავება, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, ის დაჟინებით სთხოვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოლიტსაბჭოში იყო განსხვავებული შეხედულებები, რის შემდეგაც პირადად ჩაერთო საქმეში.


„კიდევ ერთხელ მადლიერებით მინდა გავიხსენო ვახტანგ გომელაურის მაშინდელი პოზიცია, რომელიც მკაცრად იდგა იმ პოზიციაზე, რომ კანონი უნდა აღსრულებულიყო. რეალურად, მე ვიყავი მთავარი პირი, ფიგურა, ვინც ელაპარაკებოდა პოლიტსაბჭოს წევრებს სცენარებთან დაკავშირებით. რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ერთ სცენარს - მელიას დაკავებას და რა შეიძლება მოჰყოლოდა მეორე სცენარს - მელიას არდაკავებას. რეალურად, მაშინდელი სიტუაცია რა იყო, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. სახელმწიფოს უხეშად დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობა", პირადად მელია და ა.შ. ეს იყო პროცესები, ეს ადამიანი მოვიდა 17-ში საღამოს პარტიის ოფისში, მაშინ მე ვიყავი პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ვიყავი შესაბამისად პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც, სადაც იყო შეკრებილი პოლიტსაბჭო, იქ გვითხრა, რომ მასთან ელჩები იყვნენ მისული და არ შეიძლებოდა მელიას დაკავება, ეს იყო მისგან ნათქვამი. მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, ის დაჟინებით სთხოვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმუნიტეტის მოხსნას. ელჩზე თქვა, რომ ელჩმა მწვანე შუქი ამინთოო, აშშ-ის ელჩმა მითხრა, თუ დასაკავებელია, დააკავეთო, როცა დილით ელჩმა გააკეთა განცხადება იმაზე, რომ გმობდა მელიას დაკავებას - ეგეთი მარტივი ტყუილი როგორ უნდა თქვა, მართლა სამარცხვინოა. მან თქვა, რომ ელჩებს შეხვდა, არ დაუკონკრეტებია სახელი და გვარები და დაუშვებელი იყო მელიას დაკავება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, გიორგი გახარია ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიტსაბჭოს წევრებისგან ითხოვდა ორ დღეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის მიუღებელი იყო.


„საუბრობდა,ორი დღე მომეცითო და ჩაცხრება სიტუაციაო - ჩვენ მარტივ რამეს ვეუბნებოდით, რანაირად შეიძლება, რომ 2 დღეში უფრო მარტივი იყოს მელიას დაკავება პარტიის ოფისში, თუ დღეს არის უფრო რთული. ვეუბნებოდით, რომ როგორც კი ერთ დღეს არ დააკავებ, მეორე დღეს არ დააკავებ, ბუნებრივია, გული მიეცემათ და მომრავლდება რაოდენობა. ეს ხომ ის არ არის, რაც ჩვენ მოვიგონეთ და მერე არ გამართლდა, ეს ხომ გამართლდა. პირველ დღეს შეშინებული 100 კაციც არ იყო პარტიის ოფისში, როცა იგეგმებოდა მელიას დაკავება, ძალიან მარტივად შეიძლებოდა სპეცოპერაციის ჩატარება და საბოლოო ჯამში ვახტანგ გომელაურს, როცა ის ატარებდა ოპერაციას, ბევრად უფრო რთულ ვითარებაში მოუწია ოპერაციის დაგეგმვა. იქ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. იმ დილას იყო 100-ზე ნაკლები, შეშინებული ადამიანი, გულმიცემული და რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მაშინ პარტიის ოფისში, როცა გომელაურმა ძალიან დიდი წარმატებით ჩაატარა ეს ოპერაცია. ხომ მარტივად დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით, რა საჭირო იყო ორი დღე. ამ ორ დღეზეც ძალიან დიდი დამთხვევაა, ამ ორ დღეში შეგიძლიათ „რუსთავი 2-ში ჩემი ძველი საუბარი ამოიღოთ, ეს ინტერვიუ მე მქონდა იქამდე, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში. ანუ მელიას არდაკავების ამბებსა და სააკაშვილის ჩამოსვლას შორის. სააკაშვილი მაშინ ამბობდა ასეთ რამეს, ორი დღე მაცადეთ და მანდ ვიქნებიო. ამის გამო, დამატებითი არგუმენტი გვქონდა, რათა კიდევ უფრო მძაფრად მოგვეთხოვა მელიას დაკავება. სააკაშვილი ამბობდა, ორი დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოში. თქვენ თუ გადახედავთ, რა დრო დასჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად ცნობილი კონტეინერით - ზუსტად ორი დღე, ანუ გეგმა არსებობდა. წარმოიდგინეთ ვითარება - მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს, მოიშორა სამაჯური, მაგრდება პარტიის ოფისში, გეუბნება, ვერ დამაკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი ასეთ ვითარებაში, როცა ვერ აკავებ. ამ დროს წარმოიდგინეთ, სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე გამოჩნდება და ამ დროს სადღაა სახელმწიფო. ეს იყო სცენარი და გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან. აბა რა ლოგიკაში ჯდება, სამი დღით ადრე მიდიხარ საპარლამენტო უმრავლესობას თითს უქნევ, არავის არ უკადრია მაგ სხდომამდე და ამ სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის თითის დაქნევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, გახარია თითს უქნევდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და დაჟინებით, შეურაცხმყოფელი ფორმით სთხოვდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.


„თავიდან წინააღმდეგი იყო იმუნიტეტის მოხსნის და ამაში ლოგიკა იყო. იმუნიტეტის არმოხსნაში უფრო იყო ლოგიკა, ვიდრე არდაკავებაში, რადგან იმუნიტეტის მოხსნა-არმოხსნა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როცა არ აკავებ და კანონს ვერ აღასრულებ, ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლა და ეს ლოგიკა იყო, ზუსტად მაგიტომ ითხოვდა ჯერ დაჟინებით, დავალებით იმუნიტეტის მოხსნას და მერე ამიტომ ითხოვდა არდაკავებას. პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა, შენს სიტყვას ხომ უნდა ჰქონდეს ფასი, მაგრამ როცა აგენტი ხარ, არც ერთ შენს სიტყვას არ აქვს ფასი, რადგან დღეს ერთ რამეს გეტყვიან ეს უნდა გააკეთო, ხვალ მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.