17-04-2025
რა თქმა უნდა, როდესაც შენ აფინანსებ ენჯეოს, ბუნებრივია, შენი სურვილია, მან შენი ინტერესი გაატაროს; როცა გვეუბნებიან, საქართველოს მთავრობა ენჯეოს რომ აფინანსებს, ეს ენჯეო გაატარებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, კი, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ თუ შვედეთის და გერმანიის მთავრობა დააფინანსებს აქ ენჯეოს, ის არ გაატარებს შვედეთის და გერმანიის მთავრობის ინტერესებს. აქ სად არის ლოგიკა?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საჯარო სამართლის იურიიული პირის შექმნაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით გასცემდა გრანტებს და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ შეშფოთებებს გამოეხმაურა.
„ამასმაშინვე მოჰყვა ზუსტად ამ ენჯეოების, ჟურნალისტების, პარტიების და ა.შ აღშფოთება. მათ მაშინვე თქვეს, რომ ხელისუფლებას უნდა, თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს ენჯეოები და ამიტომ აკეთებს ამას. ანუ, საქართველოს მთავრობა ენჯეოს თუ აფინანსებს, ამ შემთვევაში, ეს ენჯეო ექცევა საქართველოს მთავრობის გავლენის ქვეშ, ეს არის ლოგიკა. მე ამას ვეთანხმები. რა თქმა უნდა, როდესაც შენ აფინანსებ ენჯეოს, ბუნებრივია, შენი სურვილია, მან შენი ინტერესი გაატაროს. როცა გვეუბნებიან, საქართველოს მთავრობა ენჯეოს რომ აფინანსებს, ეს ენჯეო გაატარებს საქართველოს მთავრობის ინტერესებს, კი, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ თუ შვედეთის და გერმანიის მთავრობა დააფინანსებს აქ ენჯეოს, ის არ გაატარებს შვედეთის და გერმანიის მთავრობის ინტერესებს. აქ სად არის ლოგიკა?! ამ ქვეყანას ჰყავს არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. დემოკრატიის კონცეფცია ამას გულისხმობს. ერთადერთი, ვინც გამოხატავს ქვეყანაში ხალხის ნებას, არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ქართველი ხალხის დევნა არის ის, როდესაც მის მიერ ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას უწოდებენ ხან არალეგიტიმურს, ხან პრორუსულს და ათას რამეს. ეს არის სწორედ ქართველი ხალხის დევნა, როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, ეს არის ქართველი ხალხის დევნა. ენჯეო არ არის ქართველი ხალხი, ენჯეო არის უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.