17-04-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული რ.შ. და 2000 წელს დაბადებული ს.შ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 18-260-ე, 273-ე პრიმა და 18-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.