11-12-2017
საქართველოში ღრმად აქვს გადგმული ფესვები ,,ხელზე გამაზვის“ ტრადიციას, რა მოხდა ამ შემთხვევაში?!
როგორც მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს ლანჩხუთისა და ფოთის საზღვარზე, მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს 33 წლის ლანჩხუთლი მსაჯი ილია ტუღუში. საქმეზე გამოძიება ფოთის პოლიციამ დაიწყო, გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავიდანვე რამდენიმე ვერსიამ გაიჟღერა, აღსანიშნავია, რომ ყველგან ფიგურირებენ გიორგი იმნაიშვილი, ირაკლი ბახტაძე და ნუგზარ ჩხაიძე. ოჯახი ამტკიცებს, რომ ეს სამი პიროვნება იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი ტუღუშის ოჯახში, ეძებდნენ მსაჯს და იმუქრებოდნენ. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, გიორგი იმნაიშვილმა წასვლის წინ დაიბარა, რომ ის ქვეყნიდან გადიოდა, მაგრამ ისეთ ხალხს ტოვებდა, რომლებიც მიხედავდნენ ამ საქმეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, საუბარი იყო 5000 ლარზე, რომელიც იმნაიშვილის თქმით, მან ილო ტუღუშს ასესხა. გარდაცვლილის ახლობლებს მიაჩნიათ, რომ ილო ტუღუშს დაავალეს კონკრეტული მატჩის, ,,გურია- ,,თელავის“მოსყიდვა, სანაცვლოდ კი ფული წინასწარ გადაუხადეს. მაგრამ, ,,გურიამ“ აღნიშნულ მატჩში წარმატებას ვერ მიაღწია და გეგმებიც აერიათ, ამიტომ პასუხი ჩოჩხათელ მსაჯს მოთხოვეს.
ყველაზე რეალურ ვერსიაზე საუბრობს ტუღუშის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. ის ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც ტუღუშს პასუხს სთხოვდა, არიან ,,მაზავშიკები“. მართალია, მათ ილოს მხოლოდ 5000 ლარი მისცეს, მაგრამ ,,გურიის“ ლიგაში ვერ დარჩენის გამო ისინი უკან გაცილებით დიდ თანხას ითხოვდნენ, ანუ იმ თანხას, რომელიც ,,გამაზეს“ ამ თამაშზე და შესაძლოა მეტსაც. მართალია ინკოგნიტო რესპოდენტი პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მისი ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ტუღუშმა თავის თავზე აიღო ამ მატჩის შედეგი, რაშიც 5000 ლარი გადაუხადეს. თუმცა როგორც ტუღუშის ახლობელი ამბობს, ,,აქ გათვალისწინებული ვერ იქნა ერთი მომენტი, ის ფეხბურთელი, რომელმაც თერთმეტმეტრიანი შეასრულა, შესაძლოა მეორე მხარის მიერ ყოფილიყო მოსყიდული, ფეხბურთელმა წაქცეულ მეკარეს ხელებში მისცა ბურთი“-აცხადებს ინკოგნიტო.
რატომაა ეს ვერსია ყველაზე რეალური? პირველ რიგში დასადგენია, საქართველოს რომელიმე ტოტალიზატორში ხომ არ გაკეთდა უჩვეულოდ დიდი ფსონი ლანჩხუთის ,,გურიის“ მეორე ლიგაში დასარჩენად? დავუშვათ, დადგინდა რომ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ეს სულაც არ ასუსტებს აღნიშნული ვერსიის ნამდვილობას. სამწუხაროდ, საქართველოში ღრმად აქვს გადგმული ფესვები ,,ხელზე გამაზვის“ ტრადიციას, შესაძლებელია როგორც ნაღდ თანხაზე თამაში, ასევე ,,პოსლეზე“. ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ, უბრალოდ გთავაზობთ ამ ვერსიის ჩვენეულ ანალიზს, რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში? სასწორზე ძალიან დიდი თანხა იდო, ყოველგვარი ,,გამაზვის“ და ტოტალიზატორის გარეშეც. თუ ,,გურია“ დატოვებდა ლიგას, ცხადი იყო რომ კლუბს თითქმის 500 000 ლარამდე მოაკლებოდა დაფინანსება. თუ მივყვებით აღნიშნულ ვერსიას, პირებმა, რომლებისთვისაც ,,გურიის“ გავარდნა სერიოზული ფინანსური ზარალის მომტანი იქნებოდა, ისარგებლეს იმით, რომ აწ გარდაცვლილ ილო ტუღუშს რაღაც გარკვეული თანხა სასწრაფოდ სჭირდებოდა. ისინი მას არ ეუბნებიან ამ თანხაზე უარს, ოღონდ შემდეგი პირობით, ,,გურია“ აუცილებლად უნდა დარჩეს ლიგაში, ამასთან ამწვავებენ სიტუაციას და ეუბნებიან, რომ გარდა კლუბის სამომავლო გეგმებისა, აპირებენ დიდი ფული ,,გამაზონ“ ამ თამაშზე და მთლიანად ტუღუშზე არიან დამოკიდებული. ამის შემდეგ, 3 დეკემბერს ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე სცენარი კრახით სრულდება, რაც წაგებული მხარის დიდ აგრესიას იწვევს. ისინი ითხოვენ ტუღუშისგან არამარტო 5000 ლარს, რაც მას გადასცეს, არამედ იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც ,,გურიის“ ლიგაში ვერ დარჩენით მიიღეს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ადამიანს, რომელსაც ჰყავს რამდენიმე მანქანა, აქვს კარგი სახლი, აქვს ნორმალური სამსახური, თავი მოიკლას მხოლოდ 5000 ლარის გამო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი შესაძლო ვერსია და არაფერს არ ვამტკიცებთ.
სრულიად გამორიცხავენ რაიმე გარიგებაში შესვლას და თაღლითობას ის პირები, რომლებსაც ოჯახი ადანაშაულებს. ნუგზარ ჩხაიძის თქმით, ის ნამდვილად ახლდა გიორგი იმნაიშვილს ჩოჩხათში, რათა ნასესხები ფული უკან დაებრუნებინათ, ის კატეგორიულად უარყოფს მათი მხრიდან რაიმე მუქარას და ძალადობას. ანალოგიურ პასუხს იძლევა გიორგი იმნაიშვილიც, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ,,ის კაცი არაა, 5000 ლარის გამო ვინმე დააშინოს და მით უმეტეს თვითმკვლელობამდე მიიყვანოს“. ის ამბობს, რომ ფეხბურთის სამყაროში მოღვაწე სხვა პიროვნებებსაც ხშირად დახმარებია ფინანსურად და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ დრომდე ვერ ხერხდება კონტაქტზე გასვლა მესამე პირთან, ირაკლი ბახტაძესთან. საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია“ კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე შემხებლობას ლანჩხუთლ მსაჯთან, ისინი ამბობენ, რომ ყველანი პატივისცემით იყვნენ ტუღუშის პიროვნებისადმი განწყობილნი, თუმცა რაიმე სამსახურებრივი გადაკვეთა მათ არ ჰქონიათ. თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ნუგზარ ჩხაიძე დაბარებული იქნა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში, სადაც მას გამომძიებლების კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. „ვიყავით კი, თანხას არ ვითხოვდით, თანხას ითხოვდა ის, ვინც ასესხა. როგორც მეგობარი ისე ვიყავი, იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ ასესხა. ჯერ მე მესესხა და მერე მას ესესხა. ჩემთან ვერანაირი ბრალდება ვერ ექნება ოჯახს, აბსოლუტურად ვერანაირი ბრალდება ვერ შეიძლება ჰქონდეს“- განუცხადა ზუგდიდში ჟურნალისტებს ნუგზარ ჩხაიძემ.
წყარო: "გურიის მოამბე"