გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტყის დაცვისა და მოვლა-აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17-04-2025

ტყის დაცვისა და მოვლა-აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


სამინისტროს ცნობით, ტყის დაცვისა და მოვლა-აღდგენის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვის ფარგლებში ძირითადი ყურადღება გამახვილდა ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკოსისტემის ეფექტიანი დაცვისა და გაუმჯობესებისთვის.


სამუშაო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა ხაზი გაუსვა ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მნიშვნელობას.


„მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ იცოდეს, თუ რა ღონისძიებები იგეგმება ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით მოკლევადიან პერიოდში, რათა, მართვის გეგმებიდან გამომდინარე, სწორად განვსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები. ამისთვის, აუცილებელია სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების მოსაზრებების გათვალისწინება. ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან ყველა ტყის მართვის ორგანოსთვის გაიცა რეკომენდაციები, რომ მომდევნო პერიოდში მთლიანად ვიყოთ ფოკუსირებული ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის სამუშაოები 2 286,2 ჰექტარზე განხორციელდა, ხოლო 2023-2030 წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება დაგეგმილია, საერთო ჯამში, 20 000 ჰექტარზე. 2025 წელს, ჩატარდა ტყის ინვენტარიზაცია და შემუშავდა ტყის მართვის გეგმები 16 დაცულ ტერიტორიაზე, საერთო ჯამში, 214 790 ჰექტარზე, რაც წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მართული ტყის ფართობის 67%-ს (სულ 320 043 ჰა).


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.