17-04-2025
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრთან, გიორგი ძიგუასთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი თსუ-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, თსუ განათლების სამინისტროსთან ერთად, აფხაზი სტუდენტებისა და აბიტურიენტების მხარდასაჭერად არაერთ პროგრამას ახორციელებს. მათ შორის, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე და პარალელურად, ქართულ ენაზე გაიარონ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი რელევანტური საგნები. „ჩვენ მზად ვართ, მხარში დავუდგეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის ხელშეწყობაში“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის გიორგი ძიგუას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები აფხაზეთიდან, რაც ნიშანია იმასა, რომ ბუნებრივად ხდება იმ კავშირების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად გაწყდა საქართველოსა და აფხაზეთს შორის. „ჩვენ მოგვმართავენ აფხაზები, რომლებსაც სურთ მოქალაქეობის მიღება, მათ მოეთხოვებათ ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა. თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ხელშეწყობით ჩვენ შევძლებთ ამ ადამიანების დახმარებას“, -განაცხადა გიორგი ძიგუამ.