გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას შეხვდა

26-04-2025

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დისკუსია მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს, მონეტარული პოლიტიკის განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე ხაზარაძე.


მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული გამოწვევები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის უწყვეტ ძალისხმევას. ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს დაბალინფლაციური გარემო ცენტრალური ბანკის თანმიმდევრული და სანდო მონეტარული პოლიტიკის შედეგია.


ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ფინანსური სექტორის ბოლოდროინდელი მიღწევების, მათ შორის საბანკო სისტემის მდგრადობისა და სიჯანსაღის, ინოვაციური ფინანსური მომსახურების გაფართოებისა და საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ინტერესის შესახებ.


ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს შორის არსებული ხანგრძლივი ურთიერთობის მნიშვნელობა. ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკს მადლობა გადაუხადა მუდმივი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის პერიოდებში.


ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისადმი ინტერესი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენისადმი მზადყოფნა გამოთქვა.