28-04-2025
„დამირეკა გია გალდავამ, ეს იყო სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მითხრა, რომ მიბარებდა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური. მე რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მივედი ამ შეხვედრაზე. იქ დამხვდა თვითონ გია [გალდავა], დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, თამაზ შაფათავა, დავით მჭედლიშვილი, ჩემი მოადგილე და ერთი ახალგაზრდა ბიჭი“, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა შალვა ოგბაიძემ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთ საკითხად შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე განიხილება.
„შესავალში მითხრეს, რომ კარგი იქნება თუ მე გადავდგები საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტობიდან, ვიქნები ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტის მოადგილე, თუკი გადავცემთ ამ ავტოდრომს, უკვე, სახელმწიფოს და ინვესტიციას განვახორციელებთ და ა.შ. ამ ახალგაზრდა ბიჭს ხელი გავუწოდე, გავიცნოთ მეთქი ერთმანეთი და მან მითხრა, რომ ის არის ნიკოლოზ ალასანია, თემურ ალასანიას შვილი. [თემურ ალასანია არის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ძმა]“- აღნიშნა ოგბაიძემ.
ოგბაიძის თქმით, გია თორთლაძე, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო პარლამენტში, ამბობდა, რომ ამ ფედერაციის მოწილეები არიან ნინო ბურჯანაძის შვილები.
„მე ვუთხარი, ახლა რომ გავალ ერთი 7 მიკროფონი დამხვდება და მე პასუხი უნდა მქონდეს, რის გამო გადავდექი. არ ვფინანსდები სახელმწიფოდან, ჩვენ ჩვენი შემოსავლები გვაქვს. მე, მაშინ, ჩემი საწარმო მქონდა და ძალიან ხშირად ავტომობილებსაც კი ვაწესებდით ხოლმე პრიზებად. მონაწილეობას ვიღებდით სოციალურ აქტივობებში - რა ვუთხრა [რატომ გადავდექი] და ამიტომ [ვთქვი] მომეცი დრო, ერთი თვე. ეს ერთი თვე არ მოეწონათ და შავი პიარი დაიწყო. შავი პიარის აგორება იყო მათი ხელწერა, რომ რეპრესიის დაწყების წინ, საზოგადოებაში უნდა შეექმნათ აზრი, რომ ეს ადამიანი როგორი ცუდი ადამიანია, როგორი კორუმპირებულია და ა.შ. შავი პიარის წინასწარი აგორება იყო მათი ხელწერა. ერთ-ერთი გადაცემის დროს მე ვუყურებ, რომ გია თორთლაძე [მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, პარლამენტში იყო] ამბობს, რომ ამ ფედერაციის მოწილეები არიან ნინო ბურჯანაძის შვილები.
წარმოგიდგენიათ? ახალგაზრდა რომ მოდის ჩვენთან ავტოსპორტში, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვეკითხებით მათი მშობლების პოლიტიკურ მრწამსს და შეხედულებებს. ამის შემდეგ, დაიწყო შემოტევა. ჩემს საწარმოში შემოდის ფინანსური პოლიცია და „აღმოაჩინა“ 12 ტონა აღურიცხავი ანტიფრიზი და გვითხრეს, რომ უზარმაზარი თანხა იყო გადასახდელი. [თანხა] იმდენად დიდი იყო, რომ ვერც გადავიხდიდით და არც გადავიხდიდით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელეთ დავა და დამთავრდა საჯარო აუქციონით. ეს ქონება გაიყიდა“-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.