გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნაშრომის “სიცოცხლის უფლების დაცვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველო“ პრეზენტაცია თსუ-ში

29-04-2025

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პროფესორის კონსტანტინე კორკელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა.

 

ნაშრომის “სიცოცხლის უფლების დაცვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველო“ მიზანია, ხელი შეუწყოს არაბუნებრივი სიკვდილის შემთხვევების შემცირებას სიცოცხლის უფლების დაცვის ეროვნული სისტემის განმტკიცებით, რაც მოიცავს ისეთი კანონმდებლობის და პრაქტიკის განვითარებას, რომელიც შესაბამისი იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების. 

 

„ეს წიგნი არის საჩუქარი ჩვენი სტუდენტებისთვის. ნაშრომში წარმოდგენილია ძალიან დიდი მასალა სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომელიც შედარებულია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 500-მდე ახალი სახელმძღვანელო გამოიცა, მათ შორის ეს ნაშრომიც საპატიო ადგილს დაიკავებს. მიხარია, რომ თსუ-ს ასეთი შენაძენი აქვს ამ წიგნის სახით“,-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა  ჯაბა სამუშიამ.

 

ნაშრომში განხილულია საკითხი - ეფექტიანად იცავს თუ არა საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულებას. ასევე, განხილულია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას საქართველოში სიცოცხლის უფლების  ეფექტიანად დასაცავად.

 

როგორც წიგნის ავტორმა, პროფესორმა კონსტანტინე კორკელიამ აღნიშნა, სიცოცხლის უფლების შესახებ ნაშრომის მომზადების იდეა დაიბადა უბედური შემთხვევის არაერთი ფაქტის გამო, რომლებიც ბოლო წლებში მოხდა საქართველოში. „გაჩნდა კითხვა: რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ამ უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ნაშრომის მიზნად დავისახე ყველაზე დიდი ადამიანური ღირებულების -სიცოცხლის დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“,- განაცხადა კონსტანტინე კორკელიამ.

 

ნაშრომი შესრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ფარგლებში მოქმედი ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ.

 

„დიდი ხანია ასეთი მასშტაბის, ასეთი სიღრმისეული  კვლევითი პროდუქტი ქართულ ენაზე ამ მიმართულებით არ წამიკითხავს. როგორც სახელმძღვანელო, წიგნი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, არამედ სხვა დარგების სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის“, - აღნიშნა თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ.

 

ნაშრომი განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისთვის და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

წიგნის “სიცოცხლის უფლების დაცვა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და საქართველო“ პრეზენტაციას აკადემიური წრეების, ასევე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.