18-11-2018
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში სტუმრობისას ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, რასაც პირველ რიგში, რამდენიმე კილომეტრში მდებარე საოკუპაციო ხაზი განაპირობებს.
„სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტვით, სამეგრელოში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში, მის მნიშვენლობას საოკუპაციო ხაზი განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამ არჩევნების უსაფრთხოებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითრებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრბეულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა"-განაცხადა მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რეგიონში მისი ყოფნა გათვლილია იმ ყურადღების კომპენსირებისთვის, რაც რეგიონს აქამდე დააკლდა.
"გპირდებით, არჩევნებს რომ დავასრულებთ, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე აქ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს. დღეს სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ გულისხმობთ - მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე მშვიდი, წყნარი ადამიანები, რომლებსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა მშვენიერი ჰობი გააჩნიათ. ისინი საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებულები, აღწევენ თავიანთ მიზნებს. ეს ყველაფერი იყო ძალიან მომხიბვლელი, სასიამოვნო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.