13-05-2025
ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილში ვკითხულობთ, რომელიც პრემიერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს მისწერა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ გამოხატავს ოპტიმიზმს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთიეთის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე აუცილებლად აისახება.
„ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც, ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ „დიფ სთეითს“ რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია.“ - წერს პრემიერ-მინისტრი.
მისივე თქმით, მართალია კითხვები კითხვებს ემატება, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ დონალდ ტრამპის დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითს“ დაამარცხებს კიდეც.
„როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის „დიფ სთეითის“ დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მოთმინებით ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის.
წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში!
ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას!“ - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტრამპისა და ვანსისთვის გაგზავნილ ღია წერილში.