13-05-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, 2006 წელს დაბადებულ ბ.ქ.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, მის სამგზავრო ჩანთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 12 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და 2.068 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.