19-11-2018
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით ფერმერის დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი ფერმერების პოპულარიზაციაა. ასოციაციის თავმჯდომარის, ნინი ზამბახიძის თქმით, დადიანების სასახლის ეზოში ამ ღონისძიების ჩატარებას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„ჩვენ დღეს უკვე არ ვართ გლეხები და ვართ ფერმერები, სწორედ ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები და წინა საუკუნეები რომ იყოს, სწორედ ეს ფერმერები აღნიშნავდნენ ამ დღეს“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.
ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები მთელი საქართველოდან დაეწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები.
ფერმერის დღესთან დაკავშირებით მეწარემეებს სხვადასხვა რეგიონიდან, წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზენტაციით გაგრძელდა, რომელიც ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ წარადგინა. აქვე სხვადასხვა ნომინაციაში 23 წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა.
მანამდე სიტყვით გამოვიდნენ მინისტრები, დღევანდელი დღე მიულოცეს ფერმერებს და უფრო მეტად აქტიურობისკენ მოუწოდეს. როგორც ვიცე პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფერმერებზე.
„ეს ქვეყანა დგას თქვენზე, ერთმნიშვნელოვნად. რაც უფრო სწრაფად გაიაზრებთ ამას თქვენ, მით უფრო სწრაფად გაიაზრებენ ამას გადაწყვეტილების მიმღები პირები და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ყოველდღიური კეთილდღეობა დამოკიდებულია თქვენზე, თქვენს შრომაზე და იმ ადამანებზე, რომლებსაც თქვენ ასაქმებთ. მინდა ერთმნიშვნელოვნად მივულოცო ეს დღე ნინოს. უდიდესი მიღწევაა, რომ ნინომ შექმნა ასე სტრუქტურირებული, სოციალურად ორგანიზებული ფერმერების ჯგუფი, რომლებმაც იციან რა უნდათ, რა მიზნები აქვთ და რას მიაღწევენ. მომავალი წლები იქნება შრომის, განათლების და ღირსეული საქმეების კეთების წლები, რომელმაც შედეგი უნდა მოუტანოს საქართველოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფერმერები, როგორც სოფლის მეურნეობის საფუძველი, ძალიან მნიშვნელოვანი სტარატეგიული მიმართულებაა და მის გასაძლიერებლად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღე და პლატფორმაა იმისთვის, რომ ფერმერები ერთმანეთს შეხვდნენ. გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება. გაგვიზიარონ ჩვენ როგორც მთავრობას ის პრობლემები, რაც მათ აქვთ და რა თქმა უნდა ვიზეიმოთ ის წარმატებები, რომლებსაც მათ მიაღწიაეს. სოფლის მეურნეობა და ფერმერები, როგორც სოფლის მეურნეობის საფუძველი, ძალიან მნიშვნელოვანი სტარატეგიული მიმართულებაა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითერდეს და გაძლიერდეს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ერთ-ერთი ექსპორტიორი ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის“, - აღნიშნა ქობულიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფერმერებს გაწეული სამუშაოსთვის, ხოლო ფერმერთა ასოციაციას ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც აღინიშნება სამეგრელოში, ზუგდიდში. ეს არის 2015 წლიდან დაწყებული ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც ფერმერებს აძლევს სტიმულს იმისთვის, რომ მათი სამუშაო, მათი წარმატებები დაფასდეს და ამავე დროს ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატების მაგალითები. ვფიქრობ, ეს ტრადიცია გაგრძელდება მომავალში. ძალიან კარგია, რომ რეგიონებში დავიწყეთ ფერმერის დღის აღნიშვნა და მომავალ წელს უკვე დაანონსდა, რომ ეს იქნება შიდა ქართლში. მე მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფერმერს გაწეული შომისთვის, იმისათვის, რომ ისინი წარმატების მაგალითებს ერთმანეთს უზიარებენ. ფერმერთა ასოციაციას იმისთვის, რომ ასეთ ლამაზ ვითარებაში ხდება ამ დღის აღნიშვნა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღის ბოლოს ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.