19-11-2018
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის ავტორს, 70 წლის კომპოზიტორ ვალერი ჭკადუას პედოფილიის ბრალდებით 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ამ ფაქტმა რეგიონში არსებული სხვა პრობლემებიც წარმოაჩინა. კერძოდ, ბავშვებთან დაკავშირებული დანაშაულები და ეს, ძირთიადად, უპატრონო ბავშვებს ეხება. როგორც ირკვევა, 2018 წლის "გმირი" ჭკადუა ამ დანაშაულში ადრეც იყო შემჩნეული - წლების წინ ასევე არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა, თუმცა მაშინ აფხაზეთში გავლენიანი კომპოზიტორის წინააღმდეგ საქმე ჩაიფარცხა. მას შემდეგ, რაც მოსახლეობას დანაშაულებრივი ფაქტები დაუგროვდა, ბოლო შემთხვევის გამოსააშკარავებლად მილიციას მიმართეს. მათ ჭკადუა სოფელ ეშერის მიტოვებულ სპორტულ ბაზაში 14 წლის გოგონაზე სქესობრივი ძალადობის დროს დააკავეს. როგორც გაირკვა, ჭკადუას საქმეში კიდევ მეტი დაზარალებულია. ბავშვები, რომლებზეც ჭკადუა მუდმივად ძალადობდა, გაჭირვებული ოჯახებიდან, ძირითადად, უდედმამოები ან ფსიქიკური პრობლემების მქონე მშობლების შვილები არიან.
აფხაზურმა მედიამ გაავრცელა სიუჟეტი, სადაც სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ჭკადუამ რამდენიმე მშობელს თანხა გადაუხადა და სანაცვლოდ მათ შვილების "გამოყენების" უფლება მისცეს.
"ისეთ ამბებს ვიგებთ ჩვენი მოსწავლეებისგან, ხშირად ვფიქრობ, ყველაფერი მივატოვო და შორს გადავიხვეწო... მშობლები, უმეტესად მარტოხელა დედები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ შვილებს ყიდიან. მძიმე დღეში არიან ნარკომანი მამების შვილებიც... გოგონამ, რომელიც ბოლო შემთხვევის მსხვერპლი გახდა, მასწავლებელს შესჩივლა, რომ კომპოზიტორი ჭკადუა მუდმივად ძალადობდა მასზე და ამ დამცირების ატანა აღარ შეეძლო. მასწავლებელმა გოგონა დაარიგა, როგორც კი ჭკადუა კვლავ დააპირებდა ძალადობას, მაშინვე დაერეკა და შეეტყობინებინა მისთვის.8 თებერვალს მასწავლებელს გოგონამ მართლაც დაურეკა და შეატყობინა, რომ ჭკადუას ეშერის მიტოვებულ სპორტულ ბაზაში მიჰყავდა. სწორედ მაშინ გამოიძახეს მილიცია და მოძალადე ფაქტზე დააკავეს", - ჰყვება აფხაზი მასწავლებელი.
იყო შემთხვევაც, როცა რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრმა, გავლენიანი პოლიტოკისის ძმამ, ასტამურ ჯოპუამ, არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა და ეს ფაქტიც გახმაურდა - ჯოპუასაც 20 წელი მიუსაჯეს. თუმცა აფხაზები წერდნენ, რომ გავლენიან პირებს იქ მოხვედრის სულაც არ ეშინიათ - მათთვის ციხეში განსაკუთრებული პირობებია.
აფხაზი საზოგადოების აზრით, რომ არა ამ ფაქტის რეზონანსულობა, ჭკადუა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, კიდევ არაერთ მოზარდს გააუბედურებდა. არსებული ვერსიებით, მას შინ, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაშიც მიჰყავდა გოგონები...
ამ ფაქტს აფხაზი ინტერნეტმომხმარებლების უკიდურესი აღშფოთება მოჰყვა, ისინი ჭკადუას ლინჩის წესით გასამართლებასა და ე.წ. სახელმწიფო ჰიმნის შეცვლას ითხოვენ."პირველ რიგში, ეს ჩვენი ბრალია, ყველამ ვიცოდით ჭკადუას შესახებ და თვალს ვხუჭავდით, მეტიც, მასთან შვილები მუსიკალური განათლების მისაღებად დაგვყავდა, თანაც ჩაწყობით და ნაცნობობით... ვდუმდით, რადგან გვეგონა, ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა. ყველა დამნაშავე ვართ იმ მოზარდების წინაშე და ერთ დღეს რომ უარესად მოგვექცნენ, ღირსი ვიქნებით", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.