14-05-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ქ.გ., 1998 წელს დაბადებული ე.ბ., 2001 წელს დაბადებული ბ.ე., 2004 წელს დაბადებული ბ.კ. და 1998 წელს დაბადებული მ.ს.
დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გეგმავდნენ.
ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.