16-05-2025
„ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლონდონში ფორუმის მიმართ ამჯერადაც ძალიან მაღალი ინტერესია.
„ღონისძიებაზე 180-ზე მეტი წარმომადგენელია დარეგისტრირებული სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან. მოლოდინი გვაქვს, რომ ფორუმი წელსაც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს დელეგაცია საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური უწყებების და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბარისას ყურადღებას რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს - ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო, ასევე ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, განსაკუთებით რეგიონში დღემდე არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე.
„ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკვე მესამე წელია ვიკრიბებით ლონდონში - რომ ვესაუბროთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.