25-05-2025
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. სესიას 20-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.
დავით სონღულაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და ყურადღება ვეტერინარებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების ზრდის და შესაძლებლობების გაძლიერების, დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენ ვადასტურებთ მზაობას თანამშრომლობისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რითაც ჩვენს კუთვნილ წვლილს შევიტანთ მსოფლიოში ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვაში, რაც გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების და უვნებლობის სისტემების, ასევე ზოგადი კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტერიალის ფარგლებში, ესპანეთის, საფრანგეთის, კენიის, მაროკოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შეხვდა.
ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია (WOAH) 183 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო ორგანიზაციაში 1992 წლიდან არის გაწევრიანებული.
მინისტრთან ერთად შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია ესწრებოდა.