3-06-2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 89 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 62 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 27 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 6 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 21-21 ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. კახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, იმერეთში - 11, ქვემო ქართლში - 5, სამცხე-ჯავახეთშიც - 5, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 3, თითო-თითო სამართალდარღვევა კი, გამოვლენილია გურიასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.
ჯამში ამოღებულია 67 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის ხუთ თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 744 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 33 უკანონო სახერხი საამქრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. პარალელურად, მკაცრდება სანქციები უკანონო ტყითსარგებლობაზე. კომპლექსურად, ყველა ამ ქმედების შედეგი ისაა, რომ ბოლო პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება შეინიშნება.