გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

3-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეს სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.


კონფერენციაზე მყინვარების დნობის პროცესის შეჩერების პრიორიტეტად განსაზღვრის და შედეგის კლიმატის გლობალური ცვლილებების დღის წესრიგში ასახვის საკითხები განიხილეს.


სოლომონ პავლიაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მყინვარების დნობის გლობალური პრობლემის გადაჭრის პროცესში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნის ლანდშაფტების, ეკოსისტემებისა და წყლის რესურსების ჩამოყალიბებაში მყინვარების ფაქტორზე გაამახვილა.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამეცნიერო კვლევებმა, ტრადიციულ საველე დაკვირვებასთან ერთად, დაადასტურა ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულში მყინვარული ზონის შემცირების ტემპმა გადააჭარბა წინა ორმოცდაათი წლის ჯამურ მაჩვენებელს. აღნიშნული პროცესი აძლიერებს მყინვარებთან დაკავშირებული საშიშროებების სიხშირეს და ინტენსივობას, მათ შორის, ყინულისა და ქანების ზვავების, მყინვარული ტბების წყალდიდობის და კასკადური ტიპის კატასტროფებს.


სოლომონ პავლიაშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მყინვარებთან დაკავშირებული კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირების საკითხს, რაც გაძლიერებულ მონიტორინგს, რისკების რუკების შედგენასა და ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს მოიცავს.


მინისტრის მოადგილემ მაღალი რისკის ზონებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებაც ისაუბრა და ყურადღება სამეცნიერო ინსტიტუტებთან პარტნიორობის გაძლიერებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მყინვარებთან დაკავშირებული პრობლემები და მისი შენარჩუნების აუცილებლობა უკვე დიდი ხანია მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ამიტომ გაეროს გენერალური ასამბლეის 2022 წლის 14 დეკემბრის A/RES/77/158 რეზოლუციის საფუძველზე, 2025 წელი მყინვარების შენარჩუნების საერთაშორისო წლად გამოცხადდა.


ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ კონფერენციას  90-მდე ქვეყნის 2500-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, სამთავრობო დელეგაციების,  რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და პარტნიორი ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.