გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლენტეხის მუნიციპალიტეტში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მშენებლობა მიმდინარეობს

3-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე სარკოფაგის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, 50 500 მ3 მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენები განთავსდება.


„აღსანიშნავია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე, მდინარე ყორულდაშის მახლობლად დარიშხანის მომპოვებელი და გადამმუშავებელი საწარმო ფუნქციონირებდა. 90-იან წლებში, აღნიშნული საწარმოს დაშლის შემდგომ, ადგილზე დარჩა დარიშხანშემცველი ნარჩენები, რომელთა უსაფრთხო განლაგებისთვის დაწყებულია აღნიშნული სარკოფაგის მშენებლობა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დარიშხანშემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით ჩატარდა კვლევები და მომზადდა ანგარიშები. ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავებისა და შემდგომში მისი განხორციელების მიზნით, ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა, განისაზღვრა პრიორიტეტები უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად და დაიგეგმა პირველადი დაცვითი ღონისძიებების ჩატარება.


კერძოდ, მომზადდა პროექტი დარიშხანის ყოფილ საწარმო ტერიტორიაზე სარკოფაგის მშენებლობისთვის. 2024 წელს დასრულდა მდინარე ყორულდაშის მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობის სამუშაოები; აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში დაიცავს დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგს წარეცხვისაგან; გაკეთდა 350 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის არხი, სარკოფაგის ტერიტორიის დატბორვისა და დაჭაობებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის.


ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროს ნინო უტიაშვილთან ერთად სოფელ ცანაში იმყოფებოდნენ უფროსის მოადგილეები - მუხრან შამათავა და ლევან წიტაიშვილი, ასევე, რაჭა-ლეჭხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი და ლენტეხის მერი გია ონიანი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.