20-11-2018
ვენესუელაში გამომავალი გაზეთის, «El Nacional»-ის მიერ დაბეჭდილ სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით - „მხარს დაუჭერენ თუ არა რუსეთი და ჩინეთი ვენესუელის ოპოზიციას“, გაანალიზებულია რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობა - სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
საინფორმაციო პორტალი region.ge გთავაზობთ ამონარიდს ვისენტე კინტეროს ავტორობით გამოპქვეყნებული სტატიიდან:
როგორც ცნობილია, ვენესუელაში პერმანენტული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. პრეზიდენტ უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრის - ნიკოლას მადუროს მთავრობა ძლივ-ძლივობით უმკლავდება პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს. ეროვნული ვალუტის - ბოლივარის კურსი მუდმივად ეცემა (1 აშშ დოლარი = 248 480 ბოლივარს). ინფლაციამ 1000000%-ს გადააჭარბა. ოპოზიცია მძლავრობს. რუსეთს და ჩინეთს ვენესუელაში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. რას იზამენ მოსკოვი და პეკინი?
„გეოპოლიტიკური კუთხით ვენესუელას მთავრობას რუსების ნდობა მოპოვებული აქვს. ვენესუელა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, სადაც, რუსეთის საელჩოსთან ერთად, აფხაზეთის საელჩოც მოქმედებს - დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, რომლის სუვერენიტეტი სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის (2008 წელს) შემდეგ იქნა აღიარებული. კონფლიქტიდან უკვე ათი წელი გავიდა, მაგრამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ მსოფლიოს 5-მა სახელმწიფომ აღიარა - რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. მართალია, კუბა და ბელარუსი რუსეთის მოკავშირეებად ითვლებიან, მაგრამ მათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. არსებული სიტუაციის გამო კარაკასისა და თბილისის ურთიერთობა მტრული რჩება“, - ნათქვამია სტატიაში.