11-12-2017
ქუთაისში მოძველებული საქალაქო ტრანსპორტის არსებობა არაერთხელ გახდა განხილვის და დისკუსიის თემა. საქალაქო ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება იყო ერთ-ერი მთავარი დაპირება ქუთაისის ახლანდელი მერის გიორგი ჭიღვარიას წინასაარჩევნო პროგრამიდან.
ტრანპორტის გამონაბოლქვის გამო ქუთაისში ჰაერის დაბინძურების ხარისხი ერთ-ერთი მაღალია საქართველოში, რაც ძირითადად, ტრანსპორტის, მათ შორის ავტობუსების სიძველით აიხსნება. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ქალაქის მერიამ გარემოს დაცვის ფონდთან 2 მლნ აშშ დოლარის გრანტის მიღების შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულს ადასტურებს მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი პაატა კლდიაშვილი. მისი განცხადებით, გლობალური გარემოს დაცვის ფონდმა (Global Environment Facility) ქუთაისის მერიას 2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო პროექტი დაუმტკიცა, რომელიც 2018 წელს დაიწყება.
აღნიშნული გრანტის ფარგლებში ქუთაისის მერიამ შემდეგი აქტივობა უნდა განახორციელოს.
• ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის მომზადება, რისთვისაც 450 ათასი აშშ დოლარია გათვალისწინებული.
• ქალაქისათვის ახალი, თანამედროვე სატრანსპორტო მოდელის და სატრანსპორტო ნაკადების მართვის სისტემის შექმნას - აღნიშნულისათვის 50 ათასი აშშ დოლარია განსაზღვრული.
• 700 ათასი აშშ დოლარი კი ახალი სატრანსპორტო საშუალებების - ავტობუსების შეძენას მოხმარდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.
მოხდება თუ არა ავტობუსების ავტოპარკის განახლება, ამის შესახებ ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ ქალაქის მერიაში.
დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში ვაკანტურია მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობა. მოვალეობას კი ამ დროისათვის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ირაკლი ცხვედიანი ასრულებს.
მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"მხოლოდ ქუთაისი არ არის ამ გრანტით დაინტერესებული, თუ ქუთაისი წარადგენს საუკეთესო პროექტს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდება ქუთაისში. ხელისშემშლელი ფაქტორები ჯერ არ გამოკვეთილა და სავარაუდოდ, არც გამოიკვეთება, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ 100 %-ით განხორციელდება. დეტალურად, თუ რა, როდის და როგორ მოხდება, ამაზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია. წინაპირობები იმისა, რომ ქალაქში საავტობუსო ტრანსპორტი მოწესრიგდება, ძალიან დიდია. ახალი მერის ხედვა ამ მიმართულებითაა", - განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.
ცხვედიანის განცხადებით, გლობალური გარემოს დაცვის ფონდის გრანტი ასევე გამწვანების, ველობილიკების მოწესრიგების და სხვა გარემოსდაცვით საკითხებს ითვალისწინებს.
სავარაუდოდ, ქალაქში ტრანსპორტის პრობლემის გადაჭრისათვის გრანტით განსაზღვრული თანხა საკმარისი არ იქნება, თუ რა თანხის გაღება გახდება საჭირო თვითმმართველობის მხრიდან, ამის შესახებ მერიაში ჯერ ვერ საუბრობენ.
წყარო: newpress