16-06-2025
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის და შრომის ბაზრის გაუმჯობესებას, რაც, შესაბამისად, პოზიტიურად აისახება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებზეც. მინისტრის მოადგილის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 12 პროცენტით არის გაზრდილი დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
„2025 წლის პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, სადაც საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - დაახლოებით 12 პროცენტით არის საშუალო თვიური ანაზღაურება გაზრდილი და 2170 ლარს აჭარბებს" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ თვიური ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის სექტორში და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია იმ მაღალი ეკონომიკური აქტივობით, რაც ქვეყანაში ფიქსირდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ მომდევნო პერიოდშიც და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, დავრჩეთ იმ ტრაექტორიაზე, რომელიც ეკონომიკური ზრდის კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ფიქსირდება. ყოველივე ზემოთაღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შრომის ანაზღაურება" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.