20-11-2018
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების დაპირება ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი პირებისთვის საბანკო ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით არჩევნებს არ უკავშირდება და მასზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს განცხადება მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჭარბვალიანობის თემაზე დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა საუბარი, სანამ არჩევნები დაიწყებოდა და არჩევნების თარიღი გამოცხადდებოდა, მანამდე იყო საუბარი. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც პოლიტიკაში შემობრუნდა, ამაზე საუბრობდა ბატონი მამუკა ბახტაძე. ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, პირველი იანვრიდან მოეხსნებათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ და უკვე ექნებათ საშუალება, როგორც ნორმალურ ადამიანებს ჩვეულებრივად ჩაერთონ ეკონომიკურ პროცესებში. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გადაწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან ", - განაცხადა კალაძემ.
გუშინ, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ 31 დეკემბრამდე ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია, საბანკო ვალები გაუნულდება.