24-06-2025
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების მზარდი ხასიათიდან და დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური ზიანის სიმძიმიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა და მართლმსაჯულების აღსრულება ჩემი სტრატეგიული პრიორიტეტი იქნება - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების ფაქტებზე გამოძიების წარმოების პასუხისმგებლობაც პროკურატურის ქვემდებარე ხდება.
„საგამოძიებო მიმართულების სტრუქტურულ რეფორმაში, მოვიაზრებ ამ დანაშაულზე მომუშავე თემატური დანაყოფის არსებობასაც, რომლის შემადგენლობა ექსკლუზიურად მხოლოდ ამ დანაშაულის გახსნაზე იმუშავებს" -განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის საქმეზე დაჩქარდეს პროკურორის მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა და მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის ტვირთის შემსუბუქება. ამ მიზნით, უნდა გაძლიერდეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა სამართალწარმოების პროცესში.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად, პროკურატურის ღია საკომუნიკაციო არხებზე, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გასაგებ ენაზე, განსათავსებელია ინფორმაცია ამ დანაშაულის მზარდი ხასიათის, საფრთხეების, უფლების დარღვევის გავრცელებული მეთოდების და თავის დაცვის საშუალებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.