26-06-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2005 წელს დაბადებული კ.ბ. და 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.გ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა კ.ბ.-ს პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული მ.გ.-ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე ტერცია და 19-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.