29-06-2025
პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს.
ა.ა. - ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა. - მ მიმდინარე წლის 25 ივნისს ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა. - ს თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.