6-07-2025
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართა.
მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის წარჩინებით დასრულება, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, მიულოცა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ტრადიცია, რომელსაც რუსთავის მერიამ 2022 წლიდან ჩაუყარა საფუძველი, მართლაც გამორჩეული და სამაგალითო ინიციატივაა. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათთვის მოტივაციის გაზრდა და წარმატებული მომავლისკენ გზის გახსნა.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნინო ლაცაბიძეს წარჩინებული მოსწავლეებისთვის ასეთი მასშტაბური ღონისძიების ორგანიზებისთვის და საუბრისას რუსთავის როგორც ახალგაზრდული ქალაქის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ეტაპობრივად მივდივართ იმისკენ, რომ რუსთავი გახდეს სტუდენტური ქალაქი და ახალგაზრდული პროექტები ასოცირებული იყოს სწორედ აქაურობასთან.
მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში ჩვენი მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება,“ – განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ და პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა.
სხვადასხვა სპონსორის მიერ დაწესებული პრიზის გარდა, მედალოსნებმა მერიისგან ფულადი ჯილდოც მიიღეს.
წელს ქალაქ რუსთავში 141 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია ,,ოქსიგენ ფესტის“ (Oxygen/Fest) ფარგლებში ჩატარდა. უკვე ტრადიციად ქცეული ,,ოქსიგენ ფესტი“ წელს რუსთავის უძველეს ციხესთან 5-6 ივლისს იმართება. წლევანდელი სლოგანია – „ჩაისუნთქე ისტორია“.
,,ოქსიგენ ფესტის“ სივრცე სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფსა და ფესტივალს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. დასასვენებელი ადგილებისა და კვების ობიექტების გარდა, სტუმრებს ადგილზე ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდებათ .