21-11-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილე გურიის გუბერნატორთან, ზურაბ ნასარაიასთან და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ერთად, ფერმერებს შეხვდა და რეგიონში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტების შედეგები გააცნო.
გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ყველა მხარდამჭერი ღონისძიება გათვლილია დარგის განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევს, კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შეღავათიანი ფინანსური რესურსი, რომლის ფარგლებშიც 15 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტი. რის შედეგადაც, ამოქმედდა 180 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. კერძოდ გურიის რეგიონში, დღეის მდგომარეობით, გაცემულია 200-ზე მეტი სესხი, რომელიც მესაქონლეობის, მებაღეობის, მეთევზეობის და მეფუტკრეობის განვითარებას ხმარდება. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილია 7 ახალი და გაფართოებულია 7 საწარმო. შექმნილია ჩაის, ხილის და თხილის გადამმუშავებელი საწარმოები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რეგიონში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაა. სახელმწიფოს მიერ ფერმერების აქტიური ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებების მთავარი მიზანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გურიის რეგიონში თერმული ნისლით დამუშავდა 139 350 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 17 629 ჰა, 7030,7 ჰა -სატრაქტორე და 600 ჰა სამანქანე აგრეგატით.
გურიის გუბერნატორის ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ფაროსანასთან ბრძოლა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
„ფერმერებს გავაცანით ის ღონისძიებები რაც იგეგმება, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ვესაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ რა პერიოდულობით უნდა მოხდეს კონკრეტული კულტურების, ჯიშების მოვლა-პატრონობა, რათა მოსავალი გვქონდეს კარგი“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ყურადღება რეგიონის ეკონომიკური განვითარების კუთხით სოფლის მეურნეობის პროექტებში ადგილობრივების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.
„გურიაში სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს სამუშაოები გასატარებელი, რათა არსებული ეკონომიკური პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტებში, შედეგად კი, რეგიონის ეკონომიკური აქტივობა გავზარდოთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.