10-07-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის სატყეო უბნის ერთ-ერთ მონაკვეთზე ფოთლოვანი ჯიშის მერქანი, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ გაჩეხა. სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ ალის ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის არმქონე ავტომობილით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა გადაჰქონდა.
გამოძიება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.