11-07-2025
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილედ ეკატერინე დგებუაძე დაინიშნა. ახალი მოადგილე თანამშრომლებს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა წარუდგინა, წარმატება უსურვა და განათლების სისტემაში მის მრავალწლიან გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკატერინე დგებუაძეს მრავალმხრივი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ინკლუზიური მიმართულებით, რაც ფსიქო-სოციალური კუთხით უმნიშვნელოვანესია.
ეკატერინე დგებუაძემ ხაზი გაუსვა განათლების სისტემაში სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საპასუხისმგებლო როლს და აღნიშნა, რომ სამსახურის პრიორიტეტია, დაცული იყოს თითოეული მოსწავლის უფლება და სკოლებში არსებობდეს პოზიტიური გარემო.
ეკატერინე დგებუაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში, ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - ის სპეციალური განათლების ფილოსოფიის მაგისტრია. სხვადასხვა ეტაპზე ეკავა მაღალი თანამდებობები განათლების სისტემაში: იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, დირექტორი „აღმოსავლეთ ევროპულ სკოლაში – თბილისი“, ასევე მუშაობდა USAID-ის ინკლუზიური განათლების მიმართულების დირექტორად „საბაზისო განათლების პროგრამის“ ფარგლებში. აქვს პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ეკატერინე დგებუაძე ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველოს, იყო პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ტრენინგებისა და შეხვედრების კოორდინატორი და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების აქტიური მონაწილე.