გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის თეატრის დარბაზის განახლების პროცესი დაათვალიერა

21-11-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, აფხაზეთიდან დევნილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა აფხაზეთის თეატრის დარბაზის განახლების პროცესი დაათვალიერეს.


დიმიტრი უზნაძის №68-ში მდებარე, 250 მაყურებელზე გათვლილი აფხაზეთის თეატრის დარბაზის სარემონტო სამუშაოები დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.


„დევნილობის 25 წლის განმავლობაში, ჩვენ საზოგადოებას საკუთარი თეატრი არ გააჩნდა. როგორც ყველასათვის ცნობილია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ-ებს წარმოადგენს ჯერ კიდევ სოხუმში დაარსებული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, ასევე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი და სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი „თეთრი ტალღა“, რომელთა უნიჭიერესი მსახიობებით დაკომპლექტებულ დასებს წლების განმავლობაში სხვადასხვა თეატრების სცენებზე უწევდათ მოღვაწეობა. ვამაყობ, რომ შევძელით და ეს ნატვრა ავუსრულეთ ჩვენს დევნილ მოსახლეობას.


სულ მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდება ამ დარბაზის განახლების პროცესი და ყველა ჩვენ კოლექტივს საშუალება მიეცემა მაღალი ხელოვნება საკუთარი სცენიდან წარმოაჩინოს. უზომოდ მიხარია, რომ ჩვენი დევნილი მოსახლეობა კიდევ ერთ კერას შეიძენს, სადაც მათ სხვადასხვა ღონისძიების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ და დარწმუნებული ვარ მათ ანშლაგი და ოვაცია არ მოაკლდებათ“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


აფხაზეთის თეატრის დარბაზის სარემონტო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული კომისიისა და მონიტორინგის კომისიის მეთვალყურეობით ხორციელდება.