18-07-2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილისთან ერთად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებით განსაზღვრული დღის წესრიგის რეალიზაციას.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ სავაჭრო ბრუნვისა და სექტორული თანამშრომლობის მაჩვენებლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე ორი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად, მხარეები გაცვლიან პრიორიტეტული სასაქონლო ნომენკლატურის ჩამონათვალს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის ბიზნეს წრეების დაახლოების მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.
ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წელს, რომლის დროსაც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საბერძნეთში არსებობს დიდი დაინტერესება საქართველოს „მწვანე" ენერგეტიკული რესურსების მიმართ. გენადი არველაძემ ბერძენ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა, რომლითაც საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება რეგიონში გამომუშავებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირისთვის მიწოდება.
შეხვედრის დასასრულს, გენადი არველაძემ ჰარის თეოჰარისი თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე საერთაშირისო ფორუმზე მოიწვია.
შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.