გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მარიამ ქვრივიშვილმა „თურქეთის ავიახაზების" ხელმძღვანელთან ავიაკომპანიის სიხშირეებისა და მიმართულებების გაზრდის შესაძლებლობა განიხილა

18-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ავიაკომპანიის „თურქეთის ავიახაზების" დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში „თურქეთის ავიახაზებისა" და მისი შვილობილი კომპანიის AJet - ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდისა და შედეგად, არსებული ფრენებით მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტის ჩამოყვანის შესახებ.


შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა არსებული ფრენების სიხშირეთა დამატების მნიშვნელობას, რაც მეტ სტიმულს მისცემს როგორც უშუალოდ ქვეყნის ტურიზმის ეკონომიკას, ისე გაზრდის ტურიზმიდან შემოსავლებს.


მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მიმართულების დამატების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამ მხრივ, მოლაპარაკება უახლოეს მომავალში გაგრძელდება.


მარიამ ქვრივიშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ავიაციაში არსებულ ტენდენციაზე. მისი თქმით, ამჟამად საქართველოს აეროპორტებიდან 70 - ზე მეტი ავიაკომპანია 110 - ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს და რეკორდულია როგორც მგზავრთნაკადი, ისე სიხშირეები და მიმართულებები ქვეყნის აეროპორტებიდან.


მინისტრის თქმით, სწორედ ამ ზრდადი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებითი ინვესტიცია ჩაედო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურაში - ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, თბილისს კი სრულიად ახალი, თანამედროვე აეროპორტი ექნება, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ მგზავრზე.
„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ავიკომპანია „თურქეთის ავიახაზები" მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გადამზიდი ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყნაში ახორციელებს. დღესდღეობით ავიაკომპანია შემდეგი სიხშირით დაფრინავს: სტამბული-თბილისი-სტამბული - 35 სიხშირე კვირაში; სტამბული-ბათუმი-სტამბული - 14 სიხშირე კვირაში. ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მაჩვენებლით საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა წლების განმავლობაში.


შეხვედრა თურქეთში მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.