21-11-2018
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ისრაელიდან ჩამოსულ სპეციალისტს "რუსთავის 2"-ის ეთერში "ებრაელი აფერისტი" უწოდა.
"ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს [ივანიშვილმა] მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი [„ქართული ოცნება“] არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას“, - განაცხადა „რუსთავის 2-ის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე კი სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას და ისრაელიდან ჩამოსულ პიარის სპეციალისტს "ისრაელელი აფერისტი" უწოდა.
მოშე კლუგჰაფტი საერთაშორისო მაშტაბით საარჩევნო კამპანიების მენეჯერია. უმუშავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ავსტრია, რუმინეთი; ამ უკანასკნელში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია ერთ-ერთი საუკეთესოდ არის აღიარებული ინოვაციური მეთოდების გამოყენების კუთხით.
ისრაელში, კლუგჰაფტი განათლების მინისტრის-ნაფტალი ბენეტის უფროსი მრჩეველი იყო, რომელმაც 2%-იანი ცნობადობის მიუხედავად, 12 მანდატით შესძლო ქნესეტში მოხვედრა. მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნათანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას "ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის" წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
კლუგჰაფტი პრესტიჟულმა ფინანსურმა გამოცემამ Globes-მა აღიარა, როგორც ყველაზე გავლენიან სტრატეგიულ ექსპერტად. ხოლო ფორბსმა ის ისრაელის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. მოშე კლუგჰაფტი ისრაელის ყოფილი პრეზიდენტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის შიმონ პერესის უკანასკნელი კამპანიის მენეჯერი იყო.
მოშე კლუგჰაფტის ლექსი “გადარჩენილი” 2018 წელს, გაეროს ტრიბუნიდან ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, სამ ენაზე; ებრაულად, არაბულად და ინგლისურად გაჟღერდა.