გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მარიამ ქვრივიშვილი: თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ეკონომიკურ კავშირებს და თანამშრომლობის მზარდ დინამიკას

31-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-თურქეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გახსნა. მინისტრმა თავის გამოსვლაში ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამ პროცესში მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა იმ სექტორებსა და მიმართულებებზე, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს.


„წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა განავითარეს ძლიერი და დინამიური ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო აქტიური როლი შევასრულოთ მათი გაღრმავების განვითარების პროცესში. თურქეთი უკვე წლების განმავლობაში საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია, რაც მკაფიოდ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე ეკონომიკურ კავშირებს და თანამშრომლობის მზარდ დინამიკას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის.


თურქეთის დელეგაცია მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომაში თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუს ხელმძღვანელობით მონაწილეობს. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია ეფექტური ფორმატია ქვეყნებს შორის არამხოლოდ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, არამედ ითვალისწინებს თანამშრომლობის ფართო სპექტრს.


ამასთან, მან ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ინვესტიციები, ენერგეტიკა, ციფრული ტექნოლოგიები, ვაჭრობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ა.შ.


მარიამ ქვრივიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ როლს შუა დერეფნის როგორც სანდო, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის ფორმირებაში.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელობის რეგიონულ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, რომელიც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და მოიზიდავს დამატებით ტვირთებს შუა დერეფანში. ხაზი გაესვა ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობის მნიშვნელობას შუა დერეფნის ქვეყნებს შორის მისი უფრო მეტად განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და დაასახელა ის პროექტები, რომელთაც საქართველო ახორციელებს ამ მიმართულებით. ესენია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი; საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია; თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი; შავი ზღვის ელექტროგადამცემი წყალქვეშა კაბელი და სხვ.


„ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და რეგიონალური კავშირების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი განვითარება დამატებითი ეკონომიკური მიზიდულობის წყარო გახდება როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია აქტიური თანამშრომლობა ისეთ პარტნიორთან, როგორიც თურქეთია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


თავის გამოსვლაში, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთს შორის მზარდ ავიამიმოსვლაზე, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის საქმიანი კავშირების გაღრმავებას. მისი თქმით, არსებულ მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს ფრენების გაზრდილი სიხშირეც, რაც დღეის მდგომარეობით ჯამურად 100 - ზე მეტ რეისს შეადგენს კვირაში. „რამდენიმე დღის წინ თურქეთის წამყვანი ავიაკომპანიის – Turkish Airlines-ის – ხელმღვანელობასთან განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ახალი საჰაერო მარშრუტის გახსნის პერსპექტივები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავშირების გაფართოებას და ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თურქეთის დელეგაციის წევრებს ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეული ეკონომიკური პროგრესი გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა - ამ მაჩვენებლით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2025 წელი ასეთივე მაღალი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო და იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ია.


სხდომაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გამყარების კუთხით. აღინიშნა, რომ 2008 წელს შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად მატულობს და 2024 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ასევე აქცენტი გაკეთდა იმაზეც, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია.


საქართველო - თურქეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, კულტურა, განათლება, ჯანდაცვა და სხვ.


სხდომის დასასრულს, მინისტრებმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.